ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 30 ოქტომბერს საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა, ახლა კი წინ პოსტსაარჩევნო რევოლუციაა.

"30-ში საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა — ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა.

ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!", — ვკითხულობთ მის წერილში.

გუშინ, პირველ ნოემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია და იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებენ.

ამის შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ნონა მამულაშვილმა და ანა წითლიძემ. პარლამენტს დატოვებს ლევან ვარშალომიძეც. სადეპუტატო მანდატზე უარს ამბობს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც. მანამდე, 31 ოქტომბერს გამართულ აქციაზე ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიიღო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის დაკავების დღიდან, უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.