საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, ქვეყანაში აქტივისტთა დევნის ტენდენცია ძლიერდება. ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია ბოლო დროს სამართალდამცავთა მიერ აქტივისტების დაკავების ფაქტებს. მათი შეფასებით, ქვეყანაში ძლიერდება აქტივისტთა უფლებების შელახვისა და მათი პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია.

GDI-ს განცხადებებში საუბარია კონკრეტულ მაგალითებზე. არჩევნების მეორე ტურის დღეს, ზუგდიდში, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და პატიმრობა შეუფარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებსა და აქტივისტებს, მას შემდეგ, რაც გიორგი მუმლაძესა და ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას შორის შელაპარაკება მოხდა.

"თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქტივისტები მოწმეების სახით გადაიყვანა გამოკითხვაზე (რისი უფლებაც მათ რეალურად არ ჰქონდათ, ვინაიდან გამოკითხვა ნებაყოფლობითია), მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე და დააკისრეს 5-დღიანი (კახა კვეკვესქირი), 8-დღიანი (ნიკა ნარსია, ალბერტ მერებაშვილი) და 10-დღიანი (გიორგი მუმლაძე) პატიმრობა", — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია საუბრობს ქუთაისში, პირველ ნოემბერ დაკავებულ აქტივისტებზეც, რომლებიც ცდილობდნენ, წარწერის გაკეთებას — "თავისუფლება მიშას". GDI ქუთაისში მომხდარ კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რა დროსაც დააკავეს გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი და ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი, იმედა კლდიაშვილი. მან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელის წინ მანქანა გააჩერა, სამსახურის მიერ იმ პირზე ზეწოლის გასაპროტესტებლად, რომელსაც, კლდიაშვილის თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.

GDI-ის განცხადებაში საუბარია პირველ ნოემბერ პარლამენტის წინ 2 აქტივისტის დაკავებაზეც, რომელთაც ჰქონდათ 3 კარვის გაშლის ნებართვა, მაგრამ ორგანიზაციის თქმით, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ორგანიზაცია გმობს სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტებს და მათ კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებად მიიჩნევს.

GDI მოუწოდებს სასამართლოს, უარი თქვას დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეპრესიულ იარაღად გამოყენებაზე და დაკავებულთა ქმედებები შეაფასოს გამოხატვის თავისუფლებისა და მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.