მისურის შტატის რესპუბლიკელი სენატორის, ჯოშ ჰოულის აზრით, მასკულინობასთან ბრძოლამ აშშ-ში კაცებს პორნოგრაფიისა და ვიდეოთამაშებისკენ უბიძგა. ორლანდოში გამართულ კონსერვატიზმის ეროვნულ კონფერენციაზე ჰოულიმ კაცებს "ტრადიციული მასკულინური როლის" დაბრუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "კაცობას" დღეს თავს ესხმიან.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მხარდამჭერმა სენატორმა ამ განცხადებით შტატებში მოქმედი ნეოფაშისტური და ულტრამემარჯვენე მოძრაობის, Proud Boys-ის იდეა გაახმიანა, რომ კაცებს "ლიბერალური ელიტები" ესხმიან თავს.

"როცა წლებია, ეუბნებიან, რომ პრობლემას ისინი და მათი კაცობა წარმოადგენს, რაღა გასაკვირია, რომ უფრო და უფრო მეტი კაცი ეძალება უსაქმურობას, პორნოგრაფიასა და ვიდეოთამაშებს", — აცხადებს ჰოული.

რესპუბლიკელ სენატორს წყარო არ მოუშველიებია იმის დასამტკიცებლად, რომ კაცები პორნოგრაფიას უფრო და უფრო ხშირად უყურებენ. თუმცა, ჰოულის სიტყვით გამოსვლის ტექსტი მალევე დაიბეჭდა ერთ-ერთ მემარჯვენე გამოცემაში. ტექსტში ავტორი ამბობს, რომ იგი განიხილავს, "როგორ ცდილობენ მემარცხენეები, სამყარო კაცების მიღმა დაგვანახონ".

"მემარცხენეებს სურთ, ტრადიციული მასკულინობა ტოქსიკურად წარმოაჩინონ", — ამბობს ჰოული, — "მათ სურთ, ტრადიციული მასკულინობის თვისებები, როგორიცაა სიმამაცე, დამოუკიდებლობა და შეუპოვრობა, საზოგადოებისთვის საფრთხედ წარმოაჩინონ".

აღსანიშნავია, რომ ჰოულის მსგავსი იდეები წინათაც გაუჟღერებია. იგი 2018 წელს თავგამოდებით იცავდა მოსამართლე ბრეტ კავანოს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ედებოდა ბრალი. მაშინ სენატორმა განაცხადა, რომ "განკურნების ძიებაში ბიჭებს სულ უფრო და უფრო მეტად ეპყრობიან, როგორც ავადმყოფობას".

ჰოული თავისი განცხადებების მოტივად იმასაც ასახელებდა, რომ თვითმმართველობისთვის ტრადიციული მასკულინობა აუცილებელია.

"ძველი რომაელებიდან ჩვენს წინაპრებამდე კაცურ თვისებებს პოლიტიკური თავისუფლების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ".

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საკითხზე სამსჯელოდ, ცოტა ხნის წინ ჰოულიმ თავის ცოლთან ერთად პოდკასტის შექმნაც წამოიწყო.