2021 წლის მზის სრული დაბნელება შაბათს, 4 დეკემბერს დაიკვირვება და იგი ყველაზე კარგად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან გამოჩნდება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრებნი კი, ამ მოვლენისთვის თვალის დევნებას აქ შევძლებთ.

მზის დაბნელება მაშინ დაიკვირვება, როდესაც სავსე მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება და იგი დედამიწასთან საკმარისად ახლოს აღმოჩნდება იმისთვის, რომ მზის დისკო სრულად გადაფაროს. დაბნელების დროს დამკვირვებელი მხოლოდ ვარსკვლავის გარე მოელვარე შრის — კორონას დანახვას შეძლებს.

წელს მოვლენა ყველაზე კარგად ანტარქტიდიდან გამოჩნდება, თუმცა დაბნელების გარკვეული ფაზების დანახვა შესაძლებელი იქნება ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან და სამხრეთ აფრიკიდანაც. მისი დასრულების შემდეგ კი მომდევნო მზის სრული დაბნელების ხილვას 18 თვის შემდეგ, 2023 წლის 20 აპრილს შევძლებთ, რომლის დანახვაც უკვე, NASA-ის მიხედვით, უფრო მეტად დასახლებული ადგილებიდანაც იქნება შესაძლებელი, მათ შორის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიიდან.

მზის დაბნელების წარსული მოვლენების უმეტესობის მსგავსად, 4 დეკემბრის დაბნელებაც შედარებით მცირე ხანს გასტანს. Sky & Telescope-ის მიხედვით, სრული დაბნელება 1 წუთსა და 54 წამს გაგრძელდება. მზის ნაწილობრივი დაბნელების ფაზებს კი სამხრეთ ნახევარსფეროდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დააკვირდებიან.

ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 4 დეკემბერს დილის 11 საათზე დაიწყება და დღის 12 საათსა და 6 წუთზე დასრულდება, მზის სრული დაბნელება კი 11:33-ზე დაიკვირვება და, როგორც უკვე აღვნიშნე, მოვლენაზე დაკვირვებას NASA-ის ლაივის მეშვეობით შევძლებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.