ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურზე 201 საარჩევნო უბნის შედეგი გადაითვალა. გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, გადათვლას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

"მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში, მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ხოლო საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ 5 ხმა", — თქვა გიორგი კალანდარიშვილი.

კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა, ამდენი უბანი გადაითვალა არჩევნების პირველ ტურში და როგორი იყო შედეგები.

"2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უმოკლეს ვადაში გადაითვალა 360 უბანი, საერთო ჯამში არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით", — თქვა კალანდარიშვილმა.

ცესკოს პრესსპიკერმა პირველი ტურის არჩევნების შემდეგ, თქვა, რომ გადათვლილი უბნებიდან 66,7%-ში ცვლილება არ დაფიქსირდა, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა. უწყების მტკიცებით, ამ ცვლილებებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.