ქუთაისში გირჩი — მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს. მისი თქმით, აპროტესტებდა იმ ადამიანის დაშინებასა და გაჩუმებას, ვინც იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი არჩევნების გაყალბებას აიძულებდა.

"ეს იქნება ჩემი, ერთი კაცის აქცია დაუმორჩილებლობის ფარგლებში. მერე კიდევ სხვას მოვიფიქრებ? უბრალოდ, დღეს სახლში ვერ დავიძინე იმიტომ, რომ ვიცი, ადამიანი, რომელიც მოვიდა და თქვა სიმართლე, რომ მოგვპარეს არჩევნები და სხვა მტკიცებულებას ამ მოპარვის გარეშე, უბრალოდ, ვერ მოვიპოვებთ, გააჩუმეს, დაადუმეს. ეგაა პრობლემა და ეს ამათ არ უნდა გაუვიდიეთ", — ამბობდა კლდიაშვილი ფეისბუქლაივში.

კლდიაშვილის თქმით, საარჩევნო კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ქუთაისის 90-ე უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა, აღნიშნული განცხადების შემდეგ სახელმწიფო უწყებებმა დააშინეს და ის კომენტარს აღარ აკეთებს.

"დღეს გამოჩნდა ქალბატონი, ქალბატონი იზა, რომელიც თავისი ნებით გულწრფელი სურვილით მოვიდა ჩვენთან და აღიარა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის უბნის რეგისტრატორს აშანტაჟებდა და ავალებდა უკანონობა გაეკეთებინა, სხვისი პირადობით გაეტარებინა სიაში მოსული ამომრჩეველი ოცნების კოორდინატორს. ეს ხდებოდა ქუთაისში 90-ე უბანზე. ამ ქალბატონის ზარი განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქალბატონ იზას დაუწყეს ბულინგი ოცნების შტაბიდან[...]

პრობლემა ახლა ისაა, რომ ამ სუს-მა და სამართალდამცავებმა იმდენი მოახერხეს, რომ გააჩუმეს, ადამიანი კომენტარს აღარ აკეთებს. საერთაშორისო დამკვირვებლები მოვიდნენ და ვერ ვიპოვეთ, ქალთან კავშირი გაწყდა, გადამალეს იმიტომ, რომ დააშინეს მეუღლე. მეტი რაღა უნდა ქნან?! ადამიანი, რომელიც გვეუბნება, რომ მოგვპარეს არჩევნები, გააჩუმეს", — თქვა მან ფეისბუქლაივში.

On.ge აღნიშნულზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციას განახლებისთანავე შემოგთავაზებთ.

იზა ჩირგაძემ დღეს განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა. მისი თქმით, ეს არ გაუკეთებია, რის შემდეგაც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, ის კი ენმ-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.