საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ორი ახალი წევრის ვადაზე ადრე დანიშვნა გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არის მიპყრობილი. აღნიშნულზე მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

"საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ უწყებაში მოხვედრის შესაძლებლობა, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს ან მათ მიერ ნდობით აღჭურვილ პირებს აქვთ. გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას", — აცხადებს საია.

საიას შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარება აუცილებელია, რათა აღმოფხვრას კლანური მმართველობა და მართლმსაჯულება ქართულ საზოგადოებას დაუბრუნებს.

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, კონფერენციაზე კანდიდატებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან, მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით, თუმცა კენჭისყრაში მონაწილე 263 მოსამართლიდან პაატა სილაგაძეს ხმა მისცა 257-მა, გიორგი გოგინაშვილს კი 253-მა მოსამართლემ.

"მნიშვნელოვანია, რომ პაატა სილაგაძე უკვე იყო საბჭოს წევრი. იგი ასევე იყო იმ 10-კაციან სიაში, რომელიც საბჭოს მდივანმა ყოველგვარი პროცედურის გარეშე წარუდგინა პარლამენტს და მერეც არაერთხელ მოხდა მისი ნომინირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, თუმცა საბოლოოდ მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა", — აცხადებენ ისინი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ისინი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.

სილაგაძე და გოგინაშვილი თამარ ონიანსა და თეა ლეონიძეს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ამოსწურვიათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ცნობით, მათ თანამდებობები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს. უცნობია, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

პაატა სილაგაძე 2019 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. ის იყო ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლე.

რაც შეეხება გიორგი გოგინაშვილს, სილაგაძის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადო მოსამართლეა, თუმცა თანამდებობაზე უფრო ადრე, 2018 წლის თებერვალში განაწესეს. გოგინაშვილის იყო სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე.

გაიგე მეტი: