ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის თქმით, ის მალე მიმართავს პარლამენტს და მანდატს ოფიციალურად დატოვებს. მისი თქმით, პარლამენტი ყოფნას აზრი ეკარგება.

"მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყოფნასაც დიდად აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე და ახლაც, მე ვფიქრობ, რომ ვხედავთ, პარლამენტში, ძირითადად, ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაატაროს ის ხაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ძალიან მალე მივმართავ პარლამენტს და ოფიციალურად დავტოვებ მეც მანდატს", — თქვა მამულაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის სხვა პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით იზიარებენ და გადაწყვეტილებას პარტია ერთობლივად მიიღებს.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია და იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებენ.

31 ოქტომბერს ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მელიას თქმით, უკან დახევას არ აპირებენ და აქციას გამართავენ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, ბოლოს 6 ნოემბერს აქცია თბილისში გაიმართება.

ამასთანავე, ლელოს ლიდერმა და ოპოზიციის საერთო ვიცე მერობის კანდიდატმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ პარლამენტის მანდატს ტოვებს.