თუ ტიმოთი შალამეს ნებისმიერი ფილმის ნახვისას მისით აღფრთოვანებას ვერ მალავ, მარტო ნამდვილად არ ხარ. ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარულობა ფილმით Call Me By Your Name მოიპოვა, ჰოლივუდის ახალი ფავორიტი სახეა.

ტიმოთი შალამეს სამსახიობო ოსტატობა არაერთი ჯილდოთი აღნიშნულა. მის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა Call Me By Your Name, Little Women, Lady Bird, The French Dispatch და, რა თქმა უნდა, დიუნი.

თუმცა საზოგადოება ტიმოთი შალამეთი მხოლოდ სამსახიობო ოსტატობის გამო როდია აღფრთოვანებული — გულშემატკივრებისა და კოლეგებისადმი თბილი დამოკიდებულების, მორცხვი ხასიათისა და უშუალობის გამო ტიმოთი შალამე ფანების გარდა, ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებსა და რეჟისორებსაც ძალიან უყვართ, რასაც არც მალავენ.

თუ ტიმოთის გულშემატკივართა რიცხვს ჯერ კიდევ არ მიეკუთვნები, გთავაზობთ 10 გამორჩეულ მომენტს, რომელიც მის თავს აუცილებლად შეგაყვარებს:

1. როცა ქართველი ფანის ფოტო საკუთარი ინსტაგრამის "სთორიზე" გააზიარა

ტიმოთი შალამე საკუთარ ფანებს ყურადღებას არასდროს აკლებს და მათ ენთუზიაზმს ხშირად იზიარებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დიუნის ქართული პრემიერიდან ქართველი ფანის ფოტო ინსტაგრამ სთორიში გააზიარა და, დარწმუნებული ვართ, ფოტოს ავტორიც ძალიან გაახარა.

2. როცა ფანს ხელი ატამზე მოუწერა

Call Me By Your Name-ში ტიმოთის როლსა და ატამს შორის კავშირის მნიშვნელობას თუ ვერ ხვდებით, გირჩევთ, ფილმი აუცილებლად ნახოთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ტიმოთი ფანების ხუმრობებს არ უფრთხის და მზადაა, ხელი მხოლოდ ფურცლებზე კი არა, ატმებზეც მოაწეროს!

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ამის შესახებ იხუმრა. მისი თქმით, ძალიან ღელავს, რომ 50 წლის შემდეგაც ატმებზე მოუწევს ხელის მოწერა.

3. როცა აღმოვაჩინეთ, რომ მსახიობობამდე იუთუბერი იყო

შორეულ 2010 წელს, ტიმოთის თურმე იუთუბერობა დაუწყია. არხზე ModdedController360 მომავალი კინოვარსკვლავი ტვირთავდა მოკლე ვიდეოებს, რომლებშიც Xbox 360-ის სხვადასხვა ფერის კონტროლერებს მთელი მონდომებით განიხილავდა.

იმის მიუხედავად, რომ ვიდეოებს კომენტარის დაწერის ფუნქცია გამორთული აქვს, ტიმოთის, როგორც ჩანს, დიდად სულაც არ ადარდებს თავისი წარსული. მან ერთხელ ინტერვიუშიც ახსენა, რომ ადრე იუთუბარხი ჰქონდა, რომელიც ხალხმა ახლახან იპოვა.

4. როცა გამოგვიტყდა, რომ მსახიობობამდე რეპერობაც სცადა

მსახიობობა რომ არა, ტიმოთი ახლა რეპის სამყაროს დაამშვენებდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვობაში ფსევდონიმად Lil' Timmy Tim შეარჩია და სკოლის სტატისტიკის მასწავლებელს სიმღერაც კი დაუწერა. ნახეთ ვიდეო:

5. როცა წითელ ხალიჩაზე გადატკეცილი თმითა და ამ სპორტულებით გამოჩნდა

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

"ტიმოთი შალამეს გაზგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე დაწინაურებას ვულოცავთ"

2020 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ტიმოთი შალამეს ჩაცმულობამ ყველა აალაპარაკა. ფანებმა მის ჩაცმულობაზე ინტერნეტში ძალიან ბევრი იხუმრეს: ზოგმა ტიმოთი გაზგასამართი სადგურის თანამშრომელს შეადარა, ზოგმაც კი სერიალ Gilmore Girls-ის ერთ-ერთ პერსონაჟს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ცერემონიაზე ჩვენი გული კიდევ ერთხელ მოიგო.

6. ...და მარგო რობის ფოტო "გაუფუჭა"

ტიმოთიმ მარგოს ფოტოს გაფუჭება ჩვეული სიმორცხვით სცადა და ჩვენი და მარგოს გული კიდევ ერთხელ მოიგო.

7. როცა მნიშვნელოვან დაჯილდოებებზე დედასთან ერთად მივიდა

ფოტო: Getyy Images

ინტერნეტის ტიმოთი შალამესადმი სიყვარული მაშინ გაასმაგდა, როდესაც ახალგაზრდა მსახიობი რამდენიმე მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე დედასთან ერთად გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი 2018 წლის ოსკარის ცერემონია აღმოჩნდა, სადაც კამერების წინ დედის ქებას ტიმოთი მორცხვი ღიმილით შეხვდა.

8. როცა საუკეთესო მეგობრების ტესტის გაკეთებისას ზენდეიას "ქრაშად" ტომ ჰოლანდი დაასახელა

ფოტო: BuzzFeed

დიუნის პრემიერასთან ერთად ტიმოთი და ზენდეია ეკრანებსა და პრემიერებზე სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ. ცოტა ხნის წინ მათ საუკეთესო მეგობრების ტესტიც გააკეთეს და სხვადასხვა კითხვებს უპასუხეს. ერთ-ერთი კითხვა იმას ეხებოდა, თუ რომელი ვარსკვლავი მოსწონდა ზენდეიას. ტიმოთი შალამემ ტომ ჰოლანდი ღიმილით დაასახელა და ზენდეიას გამოტეხვამდე სულ ცოტა დააკლდა!

ადამიანი ობობას ვარსკვლავ ტომ ჰოლანდისა და ზენდეიას ურთიერთობის შესახებ ფანები დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდნენ. ისინი ინსტაგრამზე ერთმანეთის ფოტოებს ხშირად დებენ და ერთად საჯაროდაც გამოჩნდნენ, თუმცა ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

9. როცა BAFTA-ს დაჯილდოებაზე ჯეიმს აივორის კიბეზე ასვლაში დაეხმარა

2018 წელს ჯეიმს აივორიმ Call Me By Your Name-ის სცენარისთვის ბაფტა მოიპოვა. როცა აივორის ჯილდოს მისაღებად კიბეზე ასვლაში დახმარება დასჭირდა, ტიმოთი მაშინვე მის გვერდით გაჩნდა და თავი ყველას კიდევ ერთხელ შეგვაყვარა!

10. როცა კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე დრო კითხვაში გაჰყავდა

ამ ფოტოთი ტიმოთიმ კინომანებისა და წიგნის ჭიების გული ერთდროულად მოიგო!

ამავე თემაზე: