საშინელებათა ფილმები და საშიში კოსტიუმები ხშირად ჰელოუინთან ასოცირდება, თუმცა საშიში აქტივობები სეზონთან ერთად მიდის, ზოგიერთი ადამიანი კი წელიწადის სხვა დროებშიც ისწრაფვის შიშის აღმძვრელი მოვლენებისაკენ.

კენეთ კარტერის, ოქსფორდის კოლეჯის პროფესორისა და კლინიკური ფსიქოლოგის თქმით, მღელვარებისადმი სწრაფვით გამორჩეულ ხალხს — მათ, ვინც საშიშ სიტუაციებში ხარობს — კონკრეტული, შეგრძნებებისადმი სწრაფვის პიროვნული თავისებურება გააჩნიათ.

ეს თვისება განსაზღვრავს, რამდენად მოგვწონს ისეთი აქტივობები, როგორიცაა საშინელებათა ფილმების ყურება, ციცაბო კლდეებზე ცოცვა, სარბოლო ავტომანქანათა მართვა დიდი სიჩქარით, პარაშუტით გადმოხტომა და სხვა.

შეგრძნებებისადმი სწრაფვის თვისების იდეა თავდაპირველად 1970-იან წლებში წამოაყენა მარტინ ცუკერმანმა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა. მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკაზე დაყრდნობით, მახასიათებელს ოთხი კომპონენტი განსაზღვრავს:

  • მოწყენილობისადმი მგრძნობიარობა — გარეგანი გამღიზიანებლების მოთხოვნილება;
  • შეკავების პროცესის მოშლა — სპონტანურობის სურვილი;
  • გამოცდილებებისაკენ სწრაფვა — ახალი გამოცდილებების მიღების სურვილი;
  • მღელვარებისა და რისკისადმი სწრაფვა — ამაღელვებელ და სარისკო ფიზიკურ აქტივობებში ჩაბმის ტენდენცია.

ამ მახასიათებლის განსასაზღვრად ფსიქოლოგებმა ტესტები შექმნეს, რომელთაც თავდაპირველად მხოლოდ ორი პასუხი ჰქონდა (X გირჩევნია თუ Y?), თუმცა ეს ტესტები ახლა 4- ან 5- ქულიან სკალას იყენებს (მტკიცედ ეთანხმები, ასე თუ ისე ეთანხმები, ასე თუ ისე არ ეთანხმები თუ მტკიცედ არ ეთანხმები?). ის ადამიანები, რომლებიც ამ ტესტში შედარებით მეტ ქულას აგროვებენ, როგორც წესი, ქაოსური და საშიში გამოცდილებებისაკენ სწრაფვით (და მოთხოვნილებითაც კი) გამოირჩევიან, შედარებით დაბალი ქულის მქონე ადამიანები კი უხიფათო, ჩვეული გამოცდილებებისაკენ იხრებიან.

კარტერის თქმით, როგორც წესი, ტესტში მაღალქულიან პირებს სხეულში ჰორმონების, ადრენალინისა და კორტიზოლის შედარებით დაბალი დონეები და მეტი დოფამინი აქვთ იმ ხალხთან შედარებით, ვინც დაბალ ქულებს იღებს. შესაბამისად, საშიშ სიტუაციებში აღმოჩენისას მღელვარებისადმი სწრაფვით გამორჩეული ადამიანები მეტ სიამოვნებასა და ნაკლებ სტრესს განიცდიან.

2018 წელს ჟურნალ Anxiety, Stress & Coping-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეთი ადამიანები, როგორც წესი, მაღალი რისკის მქონე სპორტს უკეთ ართმევენ თავს და სტრესულ პროფესიებსაც კარგად ერგებიან, მაგალითად სპეციალური დანიშნულების ჯარებში ანდა სასწრაფო დახმარების ოთახებში ექიმებად თუ ექთნებად მუშაობას.

2019 წელს ჟურნალ BMC Pediatrics-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შეგრძნებებისადმი სწრაფვა თავისებურებაა, რომელიც ადრეულ ბავშვობაში ვითარდება — 3 წლის ასაკში. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამგვარი მახასიათებელი 3-6 წლის ბავშვებში იმაზე მსუბუქად იყო გამოხატული, ვიდრე შედარებით მოზრდილებში, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ იგი თანდათანობით ძლიერდება 16-19 წლამდე. კარტერის თქმით, მახასიათებელი პიკს გვიან თინეიჯერობის პერიოდში აღწევს, რითაც შესაძლოა აიხსნას, თუ რატომაა ამდენი საშიში ისტორია და საშინელებათა ფილმი განკუთვნილი კონკრეტულად ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის.

კვლევამ ისიც აღმოაჩინა, რომ ბიჭებს გოგოებთან შედარებით შეგრძნებებისადმი უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ, მკვლევართა ჰიპოთეზის მიხედვით კი, ეს შესაძლოა, კულტურული გავლენის შედეგი იყოს. მიუხედავად ამისა, გოგოებმა და ბიჭებმა ახალი გამოცდილების მიღების მიმართ ერთნაირი სურვილი გამოთქვეს.

როგორც კარტერი გვაუწყებს, შეგრძნებებისადმი სწრაფვით გამორჩეული ადამიანები ხარობენ ნებისმიერ დროს, როდესაც ახალი გამოცდილების მიღების საშუალება ეძლევათ, თუნდაც იგი ისეთივე მარტივი რამ იყოს, როგორც ახალი საკვების გასინჯვა — რაც უფრო უცნაური იქნება, მით უკეთესი.

"ერთ-ერთმა გამოკითხულმა მითხრა, რომ მოსწონდა გემოებისა და გამოცდილებების შეგროვება საკუთარი გონებრივი მუზეუმისათვის, ჩემი აზრით კი ეს მშვენიერი გზაა, რომ ამ საკითხს მივუდგეთ", — განაცხადა კარტერმა — "თუ გემო არ მოგეწონება, მცირედის მირთმევაც ხომ მაინც დაგეხმარება გამოცდილების დაგროვებაში".

კარტერის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ შეგრძნებებისადმი სწრაფვით გამორჩეული ზრდასრულების შემთხვევაში, კაცები მოქმედებისა და თავგადასავლებისკენ მეტად არიან მიდრეკილნი, ქალები კი უფრო ახალ გამოცდილებებს ამჯობინებენ. მისი თქმით, სხვაობას ძირითადად კულტურული ფაქტორები განაპირობებს, რომლებიც განათლებასა და სოციალიზაციას მოიცავს.

აღსანიშნავია ისიც, ქალებსა და კაცებს შორის შეგრძნებებისადმი სწრაფვასთან დაკავშირებული განსხვავებები თანდათანობით იკლებს, რაც მიანიშნებს, რომ დიდი ალბათობით, იგი ბიოლოგიური განსხვავებებით არაა განპირობებული.

"ქალებსაც და კაცებსაც შეგრძნებებისაკენ სწრაფვის დასაკმაყოფილებელი თავგადასავლების საკმაოდ გიჟური ისტორიები აქვთ", — თქვა კარტერმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.