ახალგაზრდა შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის თქმით, გარემოს დამცველი მოძრაობების ტაქტიკა გამართლებულია, რადგან "ზოგჯერ ხალხი უნდა განარისხო კიდეც". თუმცა, თუნბერგი იქვე იმასაც დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, ამით არავინ დაზიანდეს.

კლიმატის ცვლილების გლაზგოში გამართულ სამიტზე, რომელიც გაეროს ეგიდით ტარდება, 18 წლის აქტივისტი მატარებლით ჩავიდა. თუნბერგს სწორედ იქ ჰკითხეს, რას ფიქრობდა ბრიტანელი აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვაზე. მისი თქმით, ხალხს ასეთი მასობრივი დემონსტრაცია პოლიტიკოსებისთვის იმის საჩვენებლად დასჭირდა, რომ ისინი ემისიების შესამცირებლად საკმარის ძალისხმევას არ იღებენ.

"თუკი ამით არავინ ზიანდება, ვფიქრობ, ზოგჯერ ხალხი უნდა განარისხო კიდეც", — ამბობს გრეტა.

კლიმატის აქტივისტების დემონსტრაცია ბერლინში.

ფოტო: A. Schmidt / AFP / Getty Images

თუნბერგმა კლიმატის კრიზისის საპასუხოდ შექმნილ გლობალურ მოძრაობას 2018 წელს მარტომ ჩაუყარა საფუძველი. მისი თქმით, თავისი და თავისი თანამოაზრეების აქტივიზმს ასეთი გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, რომ არა აზრთა დაპირისპირება.

ინტერვიუერმა მოგვიანებით თუნბერგს ჰკითხა, თავად თუ სურდა პოლიტიკოსობა. "ჯერ არა", — უპასუხა აქტივისტმა.

იგი ასევე დასძენს, რომ შეთანხმების მიღწევა "თეორიულად შესაძლებელია", თუკი პოლიტიკოსებისკენ მიმართული პროტესტის ეს ტალღა შენარჩუნდება.

"ვიცით, რომ ცვლილება შესაძლებელია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საზოგადოებაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ცვლილებებიც მომხდარა", — აღნიშნავს გრეტა, — "იმედი რომ არ გვქონდეს, აქტივისტები არ ვიქნებოდით.

"ყოველთვის შეგვიძლია, სიტუაცია გაუარესებისგან ვიხსნათ. არასდროსაა გვიანი, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ".

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრეტა ასევე გამოეხმაურა და დაეთანხმა თავისი თანამოაზრეების მოთხოვნას, რომ ბანკებმა შეწყვიტონ ფულის სესხება იმ კომპანიებისა და პროექტებისთვის, რომლებიც წიაღისეულ საწვავს (ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი) მოიხმარენ.

გაეროს ცნობით, 2030 წლისათვის ნახშირბადის ემისიების 16-პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი, ნაცვლად იმისა, რომ განახევრდეს. სწორედ განახევრებაა საჭირო, რათა გლობალური დათბობის საერთაშორისოდ შეჯერებულ მაჩვენებელზე — 1,5°C-ზე — შეკავება შესაძლებელი გახდეს.

ფოტო: AFP

რამდენიმე კვირის წინ თუნბერგმა მილანში გამართულ Youth4Climate-ის სამიტზე მსოფლიო ლიდერები კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა დაპირებების შეუსრულებლობისთვის.

"მწვანე და უკეთესი აღმშენებლობა. ბლა-ბლა-ბლა. მწვანე ეკონომია. ბლა-ბლა-ბლა. ნულოვანი მაჩვენებელი 2050 წლისთვის. ბლა-ბლა-ბლა. მხოლოდ ეს გვესმის ეგრეთ წოდებული ლიდერებისგან. სიტყვები, რომლებიც მქუხარედ ისმის, თუმცა, შესრულებისგან შორსაა. ჩვენს იმედებსა და მისწრაფებებს მათი ცარიელი დაპირებები შეიწირავს", — განაცხადა თუნბერგმა მაშინ.