ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულები გადასცა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ანტისხეულების გამოყენებისთვის პროტოკოლი უკვე მზადაა.

"საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს", — აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ მათ ქართველ პარტნიორებს მაღალი ხარისხის მედიკამენტის 3 000 დოზა გადასცეს. ელჩის თqმით, მედიკამენტები განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ვირუსი რთულ ფორმებში აქვთ.

"აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ვაქცინაცია, იმისათვის რომ ადამიანები არ დაავადდნენ საჭიროა რაც შეიძლება მეტი პირი აიცრას. ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა პანდემია საქართველოში მომდევნო წელსაც არ გაგრძელდეს", — განაცხადა ქნირშმა.

მედიკამენტები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა. ის ფარმაცევტული კომპანია როშის მიერ არის წარმოებული. პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.