კუბის ეროვნული ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, ეგზოტიკური და გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე სახეობის ცხოველმა კორონავირუსის პანდემიის პერიოდის სიმშვიდით ისარგებლა და რომანტიკულ შეხვედრებს მოუმატა, რამაც ცხოველების ნაშიერების უჩვეულო მომრავლება გამოიწვია.

ახალდაბდებულ ნაშიერებს შორის არიან ლეოპარდები, ბენგალური ვეფხვები, ზებრები, ჟირაფები, ანტილოპები და ხარები. ამ იშვიათ მატებას ვეტერინარი რეიჩელ ორტიზი პანდემიის დროს რამდენიმე თვით ზოოპარკის დახურვას მიაწერს.

"მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ადამიანთა ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა, ცხოველებისთვის ეს პერიოდი მომგებიანი აღმოჩნდა. ჩვენს ზოოპარკში 10-ზე მეტი გადაშენების პირას მყოფი ცხოველი გამრავლდა, რამაც შესაძლოა ბიოლოგიური მრავალფეროვნება აღადგინოს", — ამბობს ზოოპარკის ვეტერინარი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მნახველების დიდი რაოდენობა რეპროდუქციას ხშირად უშლის ხელს.

კუბის ეროვნულ ზოოპარკში 120-ზე მეტი სახეობის 1473 ცხოველს შეხვდებით, მათ შორის, დიდი ზომის სპილოებსა და მარტორქებს. ზოოპარკი, კუბის თეთრი ქვიშით დაფარული სანაპიროები და ფირუზისფერი წყლები ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია. პანდემიის პერიოდში კი ქვეყნის საზღვრები თითქმის 2 წლით ჩაიკეტა, რათა ვირუსის გავრცელება შეჩერებულიყო. ამ მომენტით ზოოპარკის ცხოველებმაც ისარგებლეს, შედეგს კი ქვემოთ მოცემულ ფოტოზეც ხედავთ.

ფოტო: Getty Images