ცოტა ხნის წინ ჩინეთში პოპულარულ სოციალურ ქსელ Weibo-ზე ჩინელმა მილიონერმა დაწერა, რომ შანხაის ერთ-ერთ ბანკში დაცვის თანამშრომელთან უსიამოვნება მოუვიდა, რის გამოც ბანკიდან თანხის გამოტანა გადაწყვიტა. მან ერთჯერადად მაქსიმალური თანხა — $783 000 გამოიტანა და ბანკის თანამშრომლებს ფული ხელით დაათვლევინა.

მილიონერის თქმით, თანხის ოდენობის გადასამოწმებლად ფულს რამდენიმე თანამშრომელი 2 საათის განმავლობაში თვლიდა. მან ისიც აღნიშნა, რომ ბანკში დაბრუნებასა და დარჩენილი თანხის გამოტანას ისევ აპირებს.

ბანკის განცხადებით, უთანხმოების მიზეზი მილიონერის მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევა გახდა. ბანკის ინფორმაციით, მილიონერს დაწესებულებაში შემოსვლისას პირბადე არ ეკეთა, დაცვის თანამშრომელმა კი პირბადის გამოყენება სთხოვა.

მილიონერმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაპოსტა და აღნიშნა, რომ პირბადის წამოღება დაავიწყდა, რის გამოც თანამშრომლებს ახალი პირბადის მიცემა ან შესაბამისი მაღაზიის მითითება სთხოვა. მისი მტკიცებით, პირბადის ტარებაზე უარი არ უთქვამს.

დაბრუნდა თუ არა მილიონერი ბანკში დარჩენილი თანხის გამოსატანად, ჯერჯერობით უცნობია.