ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ "ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ჰმართებს ორგანიზაციას, რომელსაც ავტორიტეტულობაზე პრეტენზია აქვს". სარჯველაძის თქმით, ISFED-ის განცხადებები დაუსაბუთებელია.

"ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ჰმართებს, ჩემი აზრით, ასეთი განცხადების გაკეთებისას ორგანიზაციას, რომელსაც შემდეგ პრეტენზია აქვს ავტორიტეტულობაზე. არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად განცხადებების კეთება იმიტომ, რომ აი, მაგალითად, დღეს ხო ოდირის [დასკვნას] უსმენდით და აი, რამდენჯერმე კითხვა დაუსვეს და უთხრა, რომ ამის შეფასება ასე არ ხდება. აი, მაგალითად, ტოტალური იყო თუ არა, უფრო სწორად, ეკითხებოდნენ, რომ გავლენას იქონიებდა თუ არა, ამას როგორ შევაფასებო. აბსოლუტურად საღი და ნორმალური და ესეთი სამსჯელო საკითხი დასვა, რის სრული ანტიპოდია ამ შემთხვევაში ასე ხელაღებით განცხადების კეთება, რომ ეს არის თურმე რაღაცა დრამატული ამბები და ა.შ. არ ვარგა ეს. საზომებამდე უნდა მივიდეს", — განაცხადა სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

სარჯველაძემ საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზეც ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ე.წ. "კარუსელის" გათამაშება საარჩევნო უბნებზე თეორიულად, ჰიპოთეტურად გამორიცხული ჰგონია. სარჯველაძის თქმით, ვერც "კარუსელები და ვერც "ძველი ბიჭები" არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ISFED-მა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებად შეაფასა. ISFED-ის თავმჯდომარის თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილმა ტენდენციებმა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა დააზიანა.