ოპოზიციის აქცია თბილისში 6 ნოემბერს გაიმართება. თავდაპირველად განაცხადეს, რომ აქცია კვირას ჩატარდებოდა, რომელიც 7 ნოემბერს ემთხვეოდა.

ამის შესახებ დღეს ნიკა მელიამ აქციაზე დააანონსა. თუმცა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თარიღი არ დაუკონკრეტებია.

On.ge დაუკავშირდა პარტიის პრესსამსახურს, სადაც მაშინ დაგვიდასტურეს, რომ აქცია იგეგმება ზუსტად ერთ კვირაში, 7 ნოემბერს.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის Facebook გვერდზე დღევანდელი აქციის ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ აქცია 7 ნოემბერს გაიმართება. მოგვიანებით, პოსტში შესწორება შეიტანეს და 7 ნოემბერი წაშალეს.

დღევანდელი აქცია ოპოზიციამ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმა. თბილისის მერობის კანდიდატმა პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ — სამშაბათს ბათუმში ჩავლენ, რათა ადგილზე გააპროტესტონ, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, შაბათს კი აქცია თბილისში გაიმართება.