ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართული აქციიდან რუსთავის ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა. მელია ამბობს, რომ ბევრი ადამიანი ცდილობდა მათ შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ, ვერ შეძლეს.

"დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 30-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. დიდი მადლობა მას. ვიცი, ახლა გვადევნებს თვალყურს და მე მინდა მას მივმართო:

მე ვიცი ახლა რას განიცდი შენ, მიშა. მე, როგორც შენი თანამებრძოლი, როგორც ქართველი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა, მეტი მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ იქედან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგან იყო თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ქართველი ადამიანი. ოღონდ, არა გამოკეტილი ციხის საკანში. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას", — განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან, 31-ე დღეა შიმშილობს.

გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური გაიმართა. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, 15-დან 14-ში უპირატესობა მმართველი პარტიის კანდიდატს აქვს, 1-ში, წალენჯიხაში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას.

გარდა ამისა, მეორე ტუში 24 საარჩევნო ოლქში აირჩიეს მაჟორიტარები, ჯამში — 42 დეპუტატი. ცესკოს მონაცემების მიხედვით, 42-დან მხოლოდ 13-ია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

გაეცანით სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს არჩევნების მეორე ტურზე: