"არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის დაწერილი ბიულეტენებით", — თქვა ოპოზიციური კოალიციის წევრმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, დღეს აქცია არა მხოლოდ "ემოციების გამოსახატავად", არამედ ოპოზიციის იმ კონკრეტული გეგმის გასაცნობად გაიმართა, რომელიც გამარჯვებას მოიტანს.

"მე მესმის, რამდენი ენერგია, რამდენი ემოცია მიაქვს არჩევნებს, ბრძოლას და გამარჯვების მოლოდინს, მაგრამ გამარჯვება არის არა ივანიშვილის გაფორმებულ ბიულეტენში გამარჯვება, არამედ გამარჯვება არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ და არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს, არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით, არავინ არ იფიქრობს, რომ ჩვენ დავთვმობთ ჩვენს ქვეყანა, ან დავთმობთ თქვენს არჩევნას. დღეს, არჩევნებიდან მეორე ჩვენ შევიკრიბეთ არა უბრალოდ ემოციების გამოსახატავად, ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გაგაცმოთ კონკრეტული გეგმა, საერთო ოპოზიციური გეგმა, ჩვენი ერთობის გეგმა, ჩვენი კოალიციის გეგმა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და თქვენი ნების აღსრულებამდე", — თქვა მან.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია გაიმართა. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. ოპოზიციამ სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა.

აქციას შეუერთდა მოძრაობა სირცხვილიაც. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა "ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა", შესაბამისად, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და აცხადებენ, რომ დემოკრატიულ პროცესებთან დაბრუნების გზა მასობრივი მშვიდობიანი პროტესტია.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ "მოპარული არჩევნები" რომელიმე ხელისუფალს შერჩება.

გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.

შედეგებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ოპოზციის თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში, ნიკა მელიამ და არჩევნებს "გაუქმებული" უწოდა. მისი თქმით, ბევრ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მოპოვებული გამარჯვება ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და "ვითომც არ იყო მოპოვებული ისე წაიღო, საკუთარ სხვადასხვა რეზიდენციებში".

გაიგეთ მეტი: