ქართული ოცნების წალენჯიხის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობა მიუღებელია, ამ პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა, წარმატებას უსურვებს. გულორდავა იმედოვნებს, რომ გია ხარჩილავას დღის წესრიგი, "მისი პარტიისგან განსხვავებით", საქმეზე ორიენტირებული იქნება.

"წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს", — წერს გულორდავა სოციალურ ქსელში.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა თოთოეულ ადამიანს, ვინც არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური გაიმართა. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, 15-დან 14-ში უპირატესობა მმართველი პარტიის კანდიდატს აქვს, 1-ში, წალენჯიხაში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას.

გარდა ამისა, მეორე ტუში 24 საარჩევნო ოლქში აირჩიეს მაჟორიტარები, ჯამში — 42 დეპუტატი. ცესკოს მონაცემების მიხედვით, 42-დან მხოლოდ 13-ია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

გაეცანით სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს არჩევნების მეორე ტურზე: