პარტია დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით არჩევნები არ წაუგია, მაგრამ ჯერ ვერ შეძლო ამის "გაფორმება". ასე აფასებს ის არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს.

"არჩევნებზე მიმართული მოლოდინების და დახარჯული ენერგიის ფონზე ბევრის განწყობა მესმის, დაღლილობის განცდაც, კითხვებიც, რეფლექსია, პრეტენზიებიც. ოღონდ დავსვათ, ჩემი აზრით, მთავარი კითხვები:

— მოულოდნელი იყო რაც მოხდა? არა;
— ამიტომ არ უნდა გვებრძოლა თუ გაყალბებას ველოდებოდით? რა თქმა უნდა, კი;
— ოპოზიციამ წააგო? ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით ნამდვილად არა. გაფორმება, რაც რეჟიმს დაასრულებდა, ჯერ ვერ შევძელით;
— რეჟიმი დასუსტდა? ჩემი აზრით, კი;
— all in შესული ლიდერები დაზარალდნენ? არანაირად, რადგან პერსონალური პრესტიჟი თუ პოზა არც ყოფილა საერთოდ სათვალავში. პირიქით, შედეგი მათ შორის ამან მოიტანა;
— ერთობა გრძელდება? რა თქმა უნდა კი, იმიტომ, რომ ერთობაც და კოალიციაც იდეაა და არა ტაქტიკური სვლა.

მოკლედ ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ და ამ სიძლიერეს ხალხის მხარდაჭერა განსაზღვრავს და არა წულუკიანის ან ვინმეს სიტყვები. ამიტომ, საერთოდ ვერ ვივლებ თავში ხელების ჩამოყრას, პირიქით წინ და შემართებით", — წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ბრძოლის ამგვარ ტაქტიკაზე კამათი შესაძლებელია და კრიტიკაც საჭიროა, რათა ნაკლები შეცნობა დაუშვან.

გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური გაიმართა. ცესკოს საბოლოო მონაცემების მიხედვით, 5-ვე თვითმმართველ ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, 15-დან 14-ში უპირატესობა მმართველი პარტიის კანდიდატს აქვს, 1-ში, წალენჯიხაში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას.

გარდა ამისა, მეორე ტუში 24 საარჩევნო ოლქში აირჩიეს მაჟორიტარები, ჯამში — 42 დეპუტატი. ცესკოს მონაცემების მიხედვით, 42-დან მხოლოდ 13-ია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

გაეცანით სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს არჩევნების მეორე ტურზე: