ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას უჭირს "ობიექტური ჭეშმარიტებების" აღიარება. ასე გამოეხმაურა ის ოპოზიციის მიერ აქციის დაანონსება. პაპუაშვილის თქმით, ის, რომ აქციის ჩატარება ოპოზიციამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასების გაცნობამდე გადაწყვიტა ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი აღქმებითა და სურვილებით ხელმძღვანელობენ.

"ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრების გაცნობამდე ნაციონალურმა მოძრაობამ, ერთი საათით ადრე დააანონსა, რომ ისინი აპირებენ აქციების მოწყობას. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ სწორედ იმას, რასაც ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ ეს პოლარიზაცია, მიუღებლობა სხვისი აზრის და ზოგადად, ობიექტური ჭეშმარიტებების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას, ვნებს საერთო ჯამში ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს.

არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავისი აღქმებით, თავისი დამოკიდებულებებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დააანონსეს აქცია", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ისინი სამოქმედო გეგმის წარდგენას აპირებენ. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ "მოპარული არჩევნები" რომელიმე ხელისუფალს შერჩება.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის შეფასებას, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენდა უბნების გარეთ მობილიზებული პირები და დამკვირვებლები, რომლებიც პარტიული მხარდამჭერების როლში მოქმედებდნენ.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინასე ვაიდერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დელეგაციის დაკვირვებით, ადგილი ჰქონდა ძალადობას, ძალაუფლების არასათანადო გამოყენებას და დაშინებას ძირითადად ოპოზიციის მისამართით.

გაიგე მეტი: