მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები ჩვენს ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის და ხშირად საშუალებას არ გვაძლევს, რომ ცხოვრებით დავტკბეთ.

ამ სტატიაში აღმოაჩენთ 7 მოკლემეტრაჟიან ანიმაციას, რომელიც სწორედ გავრცელებულ მენტალურ პრობლემებს ეხება და გვახსენებს, რომ მარტო არ ვართ.

1. Fish Boy

ეს შესანიშნავი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია დანაშაულის შეგრძნებაზეა, რომელიც ნელ-ნელა გვახრჩობს და საშუალებას არ გვაძლევს, ცხოვრებით ტკბობა შევძლოთ. დანაშაულის გრძნობას კი ხშირად ისეთი შემთხვევები გვიჩენენ, რომლებზეც კონტროლის მოპოვება არ შეგვიძლია. ბიჭი-თევზი ტრაგიკული პერსონაჟია, რომელსაც პასუხები ცხვირწინ ჰქონდა, თუმცა დანაშაულის უკან მოტოვება ვერ შეძლო.

2. Yes-People

Yes-People 8 წუთში ახერხებს, ადიქცია რამდენიმე განსხვავებული რაკურსით დაგვანახოს. ფილმი იმასაც გვიჩვენებს, რომ სულ მცირე მცდელობა, გარშემომყოფების მიმართ გამოჩენილი თანაგრძნობა, მათთან ღიად საუბარი და ზრუნვა შეიძლება შემობრუნების წერტილად იქცეს. ფილმი ნათლად ასახავს ჩვენს ყოველდღიურობას, რომელიც დამღლელი სამსახურით, ბულინგით, უძრაობით, რუტინით — უამრავი წვრილმანით არის სავსე. ეს ყოველდღიურობა კი ხშირად საშუალებას არ გვაძლევს, სხვების გასაჭირი შევამჩნიოთ.

3. Mid-Light Crisis

შუა-სინათლის კრიზისი ორ ადამიანს შორის კომუნიკაციით მოპოვებულ შინაგან ბალანსზე, მიმქრალი ნაპერწკლის ხელახლა გაღვივებაზეა. 5-წუთიანი ანიმაცია კრეატიული გზით ცდილობს იმის ჩვენებას, რომ შეგვიძლია ერთმანეთს სასიცოცხლო ძალა მივანიჭოთ. ფილმის ბოლოს გაჟღერებული მესიჯიც სწორედ სხვებზე ზრუნვისკენ მოგვიწოდებს: — "თუ იცნობთ ვინმეს, ვისი ნაპერწკალიც ჩაქრა, ხმა მიაწვდინეთ. დაეხმარეთ ნაპერწკლის ხელახლა გაღვივებაში".

4. The Man Who Was Afraid of Falling

კაცი, რომელსაც დაცემის ეშინოდა ჩვენი არსებობის სიმყიფეზე, არასაიმედო მომავალსა და ამის შიშით დამფრთხალ მოხუცზე გვიყვება, რომელმაც მომენტით ტკბობისა და წვრილმანებში სილამაზის დანახვის უნარი დაკარგა. ანიმაციის დასასრულს კი ვხვდებით, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რაც ამ წამს ხდება, ყოველდღიურობა კი მუდმივ ხიფათად არ უნდა აღვიქვათ.

5. Chest Of Drawers

ამ 7-წუთიან ანიმაციაში არაერთი აშლილობის ნიშნებს აღმოაჩენთ: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, შფოთვა, პანიკური შეტევები, დეპრესია თუ აგორაფობია სიუჟეტში ორგანულად არის ჩაშენებული. ფილმი კარგად გამოსახავს ვითარებას, როცა რთულად სამართავი მდგომარეობა და გარანტიების არქონა თვითიზოლაციისკენ გვიბიძგებს. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა კი კომუნიკაციით და გარესამყაროსთვის თვალის გასწორებით შეგვიძლია.

6. Isle of Chair

სკამის კუნძული სიზმრად მოყოლილი ანიმაციაა. ესაა მოგზაურობა კუნძულზე, რომელიც გაბზარული ნივთებით, ამოყირავებული ავეჯით, გნებავთ — უწესრიგობით არის სავსე. მოკლემეტრაჟიანი ფილმი გვეუბნება, რომ ხშირად ყოველივეს გამთელება მარტივად შეგვიძლია, უბრალოდ ჩვენს აბურდულ ფიქრებს სწორი რაკურსით უნდა შევხედოთ.

7. Eli

Eli რეჟისორ ნეით მილტონის პირადი გამოცდილების შესახებ გვიყვება, კერძოდ — მანიაკალური ეპიზოდის შესახებ, რომლის შემდეგაც პერსონაჟს 30 წლის ასაკში ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მილტონი წლების განმავლობაში მდგომარეობების მკვეთრი ცვლილებით, ჰალუცინაციებით, მისთვის გაუგებარი მოვლენებით იტანჯებოდა, სანამ თერაპიაზე მისულმა მდგომარეობის მართვის გასაღებს არ მიაგნო. რეჟისორის თქმით, მას დიალოგის წამოწყება სურდა, რათა სხვა მოზარდებს იგივე სირთულის გავლა არ მოუწიოთ და დროულად მიმართონ სპეციალისტს, რაც, მისივე თქმით, მდგომარეობის უკეთესობისკენ შემობრუნების გარანტიაა.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.