სამართლიანი არჩევნები (ISFED) თვითმმართველობის არჩევნების გუშინ ჩატარებულ მეორე ტურს დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებად მიიჩნევს. ISFED-ის თავმჯდომარის თქმით, არჩევნების დღეს გამოვლენილმა ტენდენციებმა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა დააზიანა.

როგორც სამართლიანი არჩევნები აცხადებს, ზოგიერთ მუნიცაპილეტეტში, სადაც მცირე სხვაობაა, ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენაზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა უბნებთან ადამიანების საეჭვო შეკრებებს, მოქალაქეთა აღრიცხვის ფაქტებს და სხვა მსგავს ქმედებებს.

"პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა", — აცხადებს ISFED.

სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, დაფიქსირდა მარკირების პროცესსა და სიებთან დაკავშირებული დარღვევები. ამასთანავე, ISFED აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და ზეწოლის შემთხვევებს.

ამ დროისთვის, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ დაიწერა 161 საჩივარი და 22 შენიშვნა.