ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია დღეს 7 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს და სამოქმედო გეგმას წარადგენს. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ "მოპარული არჩევნები" რომელიმე ხელისუფალს შერჩება.

"გუშინ ბრძოლა არ დასრულება, გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია, არავინ არ ვაპირებთ, არცერთი საქართველოს თავმოყვარე მოქალაქე არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს ბრძოლას ძალიან მტკიცეს, ძალიან ურყევს", — განაცხადა მან.

გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც წალენჯიხაა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.

შედეგებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ოპოზციის თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისში, ნიკა მელიამ და არჩევნებს "გაუქმებული" უწოდა. მისი თქმით, ბევრ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მოპოვებული გამარჯვება ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და "ვითომც არ იყო მოპოვებული ისე წაიღო, საკუთარ სხვადასხვა რეზიდენციებში".