ოპოზიციის მერობის კანდიდატის წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, ისინი დეცენტრალიზაციისა და დეოლიგარქიზაციის პროცესზე იმუშავებენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ რეალურ თვითმმართველობაზე, დეცენტრალიზაციაზე ვიმუშავებთ, შევთავაზებთ იმ ინიციატივას, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა ადგილებზე და ვერტიკალზე აგებული ოლიგარქის დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ადგილებზე ეს სამაგალითოდ წალენჯიხაში მოხდება.

წალენჯიხას აქვს ისტორიული პარალელები უახლოეს წარსულთან, წალენჯიხიდან დიდი ცვლილებები დაწყებულა და ჩვენ სრულიად ვართ ჩართული ამ მოძრაობაში, რაც ცვლილებების გამომწვევიც იქნება. ავანგარდშიც ვიქნებით ამ ცვლილებების და მე ყველა კოლეგას, რომელიც იბრძოდა ჩვენს მხარდამხარ, ვთავაზობ ძალიან დიდ სიმხნევეს, იმიტომ, რომ ეს არჩევნები თავისი ფუნქციონალებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ადგილებზე ხელისუფლების გადანაწილება", — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ სწორედ წალენჯიხაა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც ცესკოს მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: