ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რაც ხდებოდა და ხდება, " ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები". მისივე თქმით, აპირებს ბრძოლა გააგრძელოს ბოლომდე.

"ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რასაც აკეთებდნენ, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რაც გააკეთეს და რასაც ახლა აკეთებენ მათ შორის, ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა მეთოდით, ყველა კონსტიტუციური მეთოდით. ჩვენ სხვა გზას ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ არ გვიტოვებს. ეს არ არის არჩევნები, ამაზე შეგუება არ მოხდება", — თქვა კირთაძემ.

გიორგი კირთაძემ ისაუბრა დარღვევებზე, მათ შორის წარადგინა რამდენიმე ბათილი ბიულეტენი, რომელშიც გადახაზული იყო ოცნების კანდიდატი და შემოხაზული იყო კირთაძე. მისივე თქმით, 83-ე საუბნო კომისიის ბიულეტენი აღმოჩნდა 37-ე საარჩევნო უბანზე.

კირთაძის შეფასებით, ამ ფორმებით ქართული ოცნება, მის დაქვემდებარებაში მყოფი ცესკო და საოლქო კომისია ბათუმში ცდილობს, ხალხს წაართვას არჩევანის უფლება.

კოალიციის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა ხმების დათვლა. ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, არსებული შედეგებით ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. მამუკა ხაზარაძემ კი აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არანაირ ქუჩაში გადანაცვლებაზე არ არის საუბარი და საჭიროა, ხმების ადგილზე დაცვა. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოში არჩევნები გაუქმებულია და უკომპრომისო ბრძოლას აპირებენ. მისივე თქმით, საზოგადოების წინაშე სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენენ.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: