თამარ კორძაიას განცხადებით, თუ საზოგადოება იგრძნობს, რომ არჩევნები წაართვეს, "ხმა უნდა ამოიღოს". მისი თქმით, ქართულ ოცნებას სურს ტოტალურად, თვითონ იყოს ყველგან გამარჯვებული. მანვე აღნიშნა, რომ ის შედეგები, რაც ცნობილია, არის ძალადობის, შანტაჟის შედეგი.

"თუ ჩვენი საზოგადოება გრძნობს იმას, რომ არჩევანი წაართვეს, ხმის ამოღება ნიშნავს, რომ უნდა გააპროტესტოს ეს ყველაფერი. ამაზე მეტად, იმის შეგრძნება, რა ხდება დღეს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება თუნდაც ერთ თვითმმართველობაში, თუნდაც ერთ ქალაქში წაგებას და ფაქტია, რომ ვერ ეგუება. და ახლა რაც ხდება ყველა ქალაქში, ეს არის ის, რომ ტოტალურად უნდათ, რომ თვითონ იყონ ყველგან და ეს უნდათ რომ ჩააბეტონონ. მაგრამ, უბრალოდ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ამის იქით უკვე რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნახოს, რომ ძალით ინარჩუნებს ძალაუფლებას ამ ქვეყანაში", — თქვა მთავარი არხის ეთერში კორძაიამ.

კოალიციის ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა ხმების დათვლა. ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, არსებული შედეგებით ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. მამუკა ხაზარაძემ კი აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არანაირ ქუჩაში გადანაცვლებაზე არ არის საუბარი და საჭიროა, ხმების ადგილზე დაცვა. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოში არჩევნები გაუქმებულია და უკომპრომისო ბრძოლას აპირებენ. მისივე თქმით, საზოგადოების წინაშე სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენენ.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: