ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, ის არ ცნობს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. როგორც უგულავა აღნიშნავს, ფოთში არჩევნების "არნახულ გაყალბებას" ჰქონდა ადგილი.

"სამწუხაროდ, მეგობრებო, თქვენი ხმა გაყალბდა. თქვენი ხმა და თქვენი არჩევანი იყო ფოთისთვის არნახული მსხვერპლი, იმიტომ, რომ ფოთი საქართველოში ერთ-ერთი მშვიდობიანი ქალაქია ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ფულის დარიგებით და ჩამორიგებით, ყველა მამაძაღლობით, რაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული. მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია", — აცხადებს უგულავა.

უგულავა ამბობს, რომ არჩევნების გასაჩივრების პროცესი მოჯადოებული წრეა, რადგან სარჩელებს სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძესთან განიხილავს.

"ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ, მაგრამ აქაც მოჯადოებული წრეა. უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით და არა ფიგურალურად, ეს სარჩელები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ბატონი მურუსიძე ხვდება, ამიტომ, ეს მოჯადოებული წრეა. სამწუხაროდ, საქართველოს "ოცნების" ხელისუფლებამ აქაც გამოაჩინა მთლიანად თავისი სახე", — აღნიშნავს ის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ფოთში ხმების 100%-ია დათვლილი. პირველადი მონაცემებით, უპირატესობა ქართული ოცნების კანდიდატს, ბექა ვაჭარაძეს აქვს.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ბექა ვაჭარაძე — 57,35%;
  • გიგი უგულავა — 42,65%.