HBO-ს რეკორდულად რეიტინგული სერიალი ნამდვილი დეტექტივი მესამე სეზონისთვის ემზადება.

როგორც გაირკვა, შოუს გუნდს კიდევ ერთი სცენარისტი დევიდ მილჩი შეუერთდა, რომელიც სერიალის შემქმნელ ნიკ პიზოლატოსთან ერთად ახალ სცენარზე მუშაობს. მათ უკვე მოასწრეს მესამე სეზონის ორი სერიის სცენარის დაწერა.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახალ სეზონში მეთიუ მაკკონაჰიც ვიხილოთ.

მაკკონაჰის თქმით, თუ HBO და ნამდვილი დეტექტივის შემქმნელი ნიკ პიზოლატო შეთანხმდებიან, ის მზად არის სერიალის ახალ სეზონში მიიღოს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სეზონის დასრულების შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა, HBO-ს კი, როგორც ჩანს ნამდვილი დეტექტივის ეკრანზე დაბრუნება ეჩქარება.

"ეს შოუ [ნამდვილი დეტექტივი] ჩვენი არხის [HBO] სავიზიტო ბარათია. მაყურებელი ორი წელი ელოდება როდის დაბრუნდება ის ჩვენს არხზე, რეკავენ, გვწერენ, არ გამიკვირდება თუ საპროტესტო აქციებსაც მოგვიწყობენ. ხალხს სურს ნამდვილი დეტექტივი და მიიღებს", - ამბობს მაიკლ ლომბარდო, HBO-ს პრეზიდენტი.

ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული როდის დაბრუნდება სერიალი ეკრანზე, მაგრამ როგორც ამბობენ, შესაძლოა, ეს 2018 წლის ზამთარში მოხდეს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მესამე სეზონში თამაში სურთ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან რაიან გოსლინგი, ბენ აფლეკი, ჯოდი ფოსტერი, ქეისი აფლეკი, ჯარედ ლეტო, ემი ადამსი და მელისა მაკარტნიც კი.

როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, მით უმეტეს არც გამოსვლის თარიღი და არც მსახიობების სია, ასე რომ, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როდის გაახმაურებს HBO ახალ დეტალებს.