თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია მადლობას უხდის ამომრჩეველს იმისთვის, რომ "წინააღმდეგობა გაუწიეს მოძალადეებს". მეორე ტურის კენჭისყრის დასრულების შემდეგ მელიამ განაცხადა, რომ სძულს ფრაზები, რომლითაც ამკობს ხოლმე ქართულ ოცნებას, თუმცა მაინც უწოდა მათ მოძალადეები და აგრესორები.

"დღის განმავლობაში კიდევ უფრო გარდა დავინახეთ, რა არის ქართული ოცნების სახე. მე თვითონაც მძულს უკვე ეს ფრაზები, ეპითეტები, თითქოს ვამკობ ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობ, რომ ისინი არიან მოძალადეები, ისინი არიან აგრესორები, მაგრამ ფაქტის კონსტანტირებას ვახდენ.

ჩვენ დავინახეთ, რომ დღეს ქართული ოცნება საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკისგან. მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, ძალისმიერი მეთოდებით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალები და ვითომ ძველი ბიჭებით, რომლებიც არიან ამოფარებული პოლიციელებს და პროკურორებს. აი, ასე ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მათი ძალადობისა, მიუხედავად მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ. არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს", — განაცხადა ნიკა მელიამ.

ის ამბობს, რომ მაშინ, როცა მას, მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატსაც კი ფიზიკურად უსწორდებიან, ძალიან აფასებს ადამიანებს, ვინც თითოეული ხმისთვის იბრძვის.

არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. ამ კვლევის მიხედვით თბილისში ნიკა მელიამ 51% მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ კი — 49%. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ. იმედის ეგზიტპოლით თბილისში კახა კალაძემ აიღო 57,2%, ხოლო კახა კალაძემ — 42,8%.