გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ უბნების დახურვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იწყება და ყველა ხმა არის დასაცავი. ამიტომ ის მოუწოდებს ხალხს: "არ დაიღალოთ, არ მოდუნდეთ, არ უსმინოთ იმედის ეგზიტპოლს".

მისივე თქმით, მიუხედავად მოსყიდვისა, დაშინებისა და შანტაჟისა, მაინც დიდი შანსია გაარღვიონ ეს "დამპალი სისტემა".

იმედის დაკვეთით ჩატარებული გორბის კვლევის მიხედვით, თბილისში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე იგებს. ის კონკურენტს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 15%-ით უსწრებს.

ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

  • კახა კალაძე — 57,2%
  • ნიკა მელია — 42,8%

განსხვავებული შედეგებია მთავარი არხის ჩატარებულ ეგზიტპოლში — იგებს ნიკა მელია.

ტელეკომპანია იმედის განცხადებით, მათი დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა გორბიმ ეგზიტპოლი 4 ქალაქში — თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. მათვე თქმით, თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი — თითოეულში 25 უბანი.

როგორც იმედზე ამბობენ, გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. მათივე ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 საათის მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

არჩევნების მეორე ტური 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში გაიმართა. ასევე, 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის.

დღის განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია დარღვევების, მათ შორის, ამომრჩეველზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის შესახებ. ასევე, მოხდა დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან. კოორდინატორები და აგიტატორები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.