კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ. ორგანიზაციის განცხადებით, დღეს, არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მივმართავთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ", — ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 4 საათამდე დაფიქსირებულ 11 ფაქტს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან ჟურნალისტებს თავს და ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის. მათ შორისაა On.ge-ს ჟურნალისტზე თავდასხმა.

ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე.

დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ On.ge-ზე გაეცნოთ: