გლდანის 84-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა დროებით შეჩერებული იყო. როგორც On.ge-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, უბანზე ამომრჩეველს ბიულეტენი დაუზიანდა, რომელიც შემდეგ ახლით შეუცვალეს და ხმაურიც სწორედ ამან გამოიწვია. გლდანის 84-ე საარჩევნო უბანზე ამჟამად კენჭისყრის პროცედურა აღდგენილია.

როგორც ადგილზე მყოფი დროას დამკვირვებელი, თამარ კაკაბაძე ფორმულასთან აცხადებს, აქტივისტები, მოძრაობა წინსვლას დამფუძნებლები, შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი ცდილობდნენ ოპოზიციის დამკვირვებლების გამოწვევას გარკვეული რეპლიკებით, რაც კახა ალადაშვილის გაძევების მიზეზი გახდა.

"დილიდან შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი, ქართული ოცნების აქტივისტები, პროვოკატორები იყვნენ შემოსული უბანზე, ცდილობდნენ ოპოზიციის დამკვირვებლების გამოწვევას, ოღონდ ჩვენ არ ვყვებოდით ამ პროვოკაციებს,

გარკვეული რეპლიკები, არარსებულ ფაქტებზე მითითება, რომ მაგალითად კახა ალადაშვილის გაძევების მიზეზი გახდა ის, რომ თურმე მან დაჟინებული მზერით შეხედა ერთ-ერთ ამომრჩეველს, ანუ ამის გამო მოხდა ყველაფერი. შაკო კუჭაშვილმა დაიწყო უბანზე ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ყვირილი, ღრიალი. ამის შემდეგ კომისიამ უყარა კენჭი და ჩვენს ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი", — აცხადებს ის.

კახა ალადაშვილი ამბობს, რომ პირველ ტურში ეს უბანი ოპოზიციამ მოიგო, ამიტომ გამოუგზავნეს დღეს "ზონდერები".

"შაკოს სიტყვა არ არის, იქიდან გამომდინარე დასაჯერებელი, რომ შარშანდელი არჩევნებიდან მოყოლებული, მთელი დღის განმავლობაში პროვოკაციების მოწყობას ცდილობდა ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ. პირველ ტურში ეს უბანი მოიგო ოპოზიციამ 100 ხმით, იციან, რომ ეს ოპოზიციური უბანია და იგებს. კალაძემ მომიგზავნა დღეს 10 ზონდერი, რომლებიც დილიდან დამსდევენ, რომ თითქოს ვიღაცას რაღაცას ვანიშნებ, ვიღაცას ხელი გადავხვიე. ერთი ფაქტი მომიყვანეთ ვეუბნები, არ მინდოდა კონფლიქტში შესვლა, რომ არ გამოვეძევებინე გავეცალე 3-ჯერ, 4-ჯერ, მაგრამ არ მომეშვნენ. ამის გამო გამომაძევეს უბნიდან", — ამბობს ალადაშვილი.

კუჭაშვილის თქმით, ალადაშვილი საარჩევნო უბანზე აგიტაციას ეწეოდა და აშინებდა ამომრჩეველს.

"კახა ალადაშვილი აგიტაციას ეწევა საარჩევნო უბანზე და აშინებს ამომრჩეველს. ეს იყო დაჟინებული მზერა, ხელის გადახვევები ამომრჩევლის მიმართ და მითითება კონკრეტულ ნომერზე. ეს იყო კახაბერ ალადაშვილის ხელწერა. კომისიის თავმჯდომარეს მივმართე", — ამბობს ის.

მისივე თქმით, იქ კონფლიქტი მოხდა და იძულებული გახდა დაეტოვებინა უბანი.

როგორც ფორმულასთან საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რამდენიმე დამკვირვებელი და წარმომადგენელი ხელს უშლიდა თავმჯდომარეს და ცდილობდნენ შეეფერხებინათ კენჭისყრის პროცედურა ამის გამო ისინი რამდენჯერმე გააფრთხილეს, შემდეგ კი გააძევეს.

"ადგილი ჰქონდა ხელის შეშლის მცდელობას. ისინი ცდილობდნენ, რომ ზეწოლა მოეხდინათ თავმჯდომარეზე, ხელს უშლიდნენ სამუშაო პროცესში, შესაბამისად მოვედით და კომისიამ მოახდინა რეაგირება. რამდენიმე დამკვირვებელი და წარმომადგენელი ხელს უშლიდა თავმჯდომარეს და ცდილობდნენ შეეფერხებინათ კენჭისყრის პროცედურა, თუმცა კომისიამ იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მისცეს რამდენჯერმე შენიშვნა, გაფრთხილება, მაგრამ არ მოხდა ამ ფაქტების გათვალისწინება და შესაბამისად, კომისიური მსჯელობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები გაეძევებინათ საუბნო საარჩევნო კომისიიდან. საოლქო კომისიის თავმჯდომარე", — აცხადებს თავმჯდომარე.