სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე, ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე მომხდარ შემთხვევებზე წერს. მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სამიზნეები გახდნენ.

"ISFED-ის წარმომადგენლები ზუგდიდის ოთხ საარჩევნო უბანზე (#10, #29, #38, #96) სიტყვიერი შეურაცხყოფის სამიზნედ იქცნენ", — წერს დოლიძე, — "სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა მე-10 საარჩევნო უბანზე, სადაც გაურკვეველმა პირმა ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც პირს უბანი დაატოვებინა.

"გარდა ამისა, 29-ე უბანზე, როცა ჩვენმა დამკვირვებელმა ამომრჩევლებზე თვალმიდევნება შენიშნა და სიის ნახვა მოითხოვა, მას დაემუქრნენ და ადგილი დაატოვებინეს".

დოლიძე საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, აღკვეთოს დამკვირვებლებზე ზეწოლის შემთხვევები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება საქმიანობისას.

აღსანიშნავია, რომ ზეწოლაზე საუბრობენ სხვა დამკვირვებლებიც. საბურთალოს 44-ე უბანზე მყოფი დამკვირვებლის თქმით, მას საჩივრის დაწერის უფლება იქამდე არ მისცეს, სანამ ადგილზე მედიის წარმომადგენლები არ მივიდნენ. ამასთანავე, მას გაძევებით ემუქრებოდნენ.

განახლება: დამკვირვებლების გაძევება, სადეზინფექციო ხსნარით მარკირების მოშორება — ცესკო სავარაუდო დარღვევებს განმარტავს.

ფოტო: ენმ

დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერს 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევენ. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ On.ge-ზე გაეცნოთ: