ქუთაისის 54-ე საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახის გვერდით, რამდენიმე კოორდინატორი იყო შეკრებილი. ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ისინი ფარდის უკან იმალებოდნენ სიებით ხელში.

მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ვიდეოს გადაღება დაიწყო და ჰკითხა რას აკეთებდნენ, ერთმა თქვა, რომ პანაშვიდზე წასასვლელად იკრიბებოდნენ. სხვები კი სახეს მალავდნენ და კითხვებს თავს არიდებდნენ.

დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.