იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სააკაშვილმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ უარს ამბობს მკურნალობაზე. ბრეგაძის შეფასებით, ეს განცხადება ექსპრეზიდენტის ეს განცხადება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაზე მანიპულირებაა.

"მაინცადამაინც არჩევნების წინა დღეს პატიმარმა თითქოსდა უარი ითქვა მკურნალობაზე — ამ განცხადებიდან ნახევარი საათის განმავლობაში მან ისარგებლა სამედიცინო მომსახურებით და მიიღო აბსოლუტურად ყველა ის სითხე, პრეპარატი და აბი, რასაც იღებდა წინა დღეების განმავლობაში [...]

ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ტყუილი, რომ მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, მოახდინონ მანიპულირება მათ საარჩევნო ნებაზე...", — განაცხადა ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

ბრეგაძის თქმით, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, სააკაშვილის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია და ის არ საჭიროებს მკურნალობას.

"რამდენად არის მოსალოდნელი პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან შემსუბუქება, ამაზე პროგნოზები უნდა გააკეთონ ექიმებმა და პროფესიონალებმა, ხოლო რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ რომ მან მიატოვა მკურნალობა, გიპასუხებთ, რომ ამ წუთისათვის პატიმარი სააკაშვილი განაგრძობს მკურნალობას და მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში... კონსილიუმის ბოლო დასკვნების საფუძველზე, ის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს", — ამბობს ბრეგაძე.

მან, ასევე, განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანენ.

დღეს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იგი უარს ამბობს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან, უკვე 30-ე დღეა შიმშილობს.