იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ვერტმფრენითაც გადაიყვანენ. ბრეგაძემ განაცხადა, რომ მკაცრი პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც ხელს შეუშლის ექსპრეზიდენტრის გადაადგილებას რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებამდე.

"ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპია, რომ ყველა პატიმრის უსაფრთხოება იყოს სათანადო დონეზე დაცული. თუკი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ის გადაყვანილი უნდა იქნეს #18 დაწესებულებაში, თუკი ვინმე შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს, აქვე მინდა გავაფრთხილო, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ მათ პასუხი. თუკი ამის საჭიროება გახდა, ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაფერხებს, ესეც ვთქვით, რომ მათ შორის, ვერტმფრენითაც იქნება გადაყვანილი #18 დაწესებულებაში", — განაცხადა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაში სავარაუდო ხელის შეშლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის მადლობა გადაუხადა. ბრეგაძის თქმით, ეს იუსტიციის სამინისტროს აძლევს "დროული რეაგირების გაკეთების შესაძლებლობას".

29 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დროს ხელის შეშლა იგეგმებოდა. უწყებამ გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე დაიწყო.

სუს-ის თანახმად, საუბარი იყო აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებასთან. უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ მსგავს ქმედებებს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის დროსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან, უკვე 30-ე დღეა შიმშილობს.