მთავარი არხის კვლევით კომპანია IPSOS-ს ქართულ ოცნებასთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ IPSOS-სა და ქართულ ოცნებას შორის ფარული გარიგების შესახებ ინფორმაციის მოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიის მიერ, კონტრაქტის დარღვევით, მათ მიერ დაკვეთილი კვლევის გასაჯაროვებიდან რამდენიმე წუთში ქართულ ოცნებაში ამ თემაზე ბრიფინგი გაიმართა.

გვარამია აცხადებს, რომ IPSOS-ს არ ჰქონდა უფლება მათ მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები თავად გაესაჯაროვებინა. გვარამიას თქმით, იმ შემთვევაში, თუ მთავარმა არხმა კომპანიის მიერ მიწოდებული მონაცემები "არაკორექტულად გამოაქვეყნა", IPSOS ჰქონდა ორი ვარიანტი:

  • ეთხოვა ან მოეთხოვა ტელეკომპანიისთვის მონაცემების შესწორება;
  • შეეწყვიტა კონტრაქტი.

გვარამიას თქმით, ამის ნაცვლად, IPSOS-მა მთავარი არხისგან განსხვავებული მონაცემები საკუთარ ვებგევრდზე გამოაქვეყნა, ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი ქართულ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც კვლევის მანიპულაციური უწოდეს. გვარამიას შეფასებით, ეს დამთხვევა "გამაოგნებელია და ძალიან საეჭვო".

"2021 წლის 6-8 ოქტომბრის შუალედში შედგა კომუნიკაცია კომპანია IPSOS-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც კურირებს საქართველოში ეგზიტპოლს და ყოველთვის აქ იმყოფება, იტალიის მოქალაქე ოლივიერო მარჩეზესთან. აღნიშნული კომუნიკაცია შედგა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, კახი კალაძის მიერ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა ქალაქებში, პარიზსა და რომში. ჩვენ ვადგენთ, უბრალოდ ეს კომუნიკაცია იყო შუამავლების მეშვეობით, თუ პირადი. ამ წუთში, ჩვენი ინფორმაციით ეს იყო პირადი კომუნიკაცია.

ამ კომუნიკაციის შედეგად, განხორციელდა კორუფციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა იყო ეგზიტპოლის ჩაშლა და ღია განცხადების გაკეთება ბატონი მარჩეზეს მხრიდან, რომ ტელეკომპანია მთავარი აყალბებს ეგზიტპოლის მონაცემებს და ამიტომაც, ეს მონაცემები არ არის ვალიდური ან ჩაეშალათ და ეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთ მთავარ არხთანო", — აცხადებს ნიკა გვარამია.

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამ ფაქტსს მიზანმიმართულ დივერსიად აფასებს. მის განცხადებით, ეგზიტპოლის გარეშე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნების გაყალბების კონტროლი.

გარდა ამისა, გვარამიას თქმით, IPSOS-სა და ქართულ ოცნებას შორის გარიგების მიზანი იყო მთავარი არხისთვის დაებრალებინათ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა.

"მთელი ამ გარიგების მთავარი შედეგი იყო, რომ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბატონ მარჩეზეს გაეკეთებინა ღია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარმა არხმა გააყალბა ეგზიტპოლის შედეგები და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა დამბრალდებოდა პირადად მე და ჩვენს ტელევიზიას, რამეთუ ჩვენ, თითქოს ხელოვნურად შევქმენით წინაპირობა ოპოზიციური პროტესტისთვის", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მთავარი არხის დირექტორის განცხადებით, ისინი აგროვებენ მტკიცებულებებს ოლივიერო მარჩეზესა და კახა კალაძის კომუნიკაციის შესახებ. ტელეკომპანია აპირებს მიმართოს საფრანგეთისა და იტალიის სამართალდამცავ ორგანოებს მათ ტერიტორიაზე განხორციელებული სავარაუდო კორუფციული შეთანხმების შესახებ. გვარამიას სურს, გარიგებაში ჩართული პირები დაისაჯონ არა საქართველიში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზე.

გაიგე მეტი:

  • მთავარი არხი ეგზიტპოლს IPSOS-ის გარეშე ჩაატარებს

27 ოქტომბერს მთავარი არხმა გამოაქვეყნა IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი თბილისში ლიდერობს, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში კი ოპოზიციონერი კანდიდატები. მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემში ეწერა, რომ ზუგდიდში ანზორ მელიას 54,7% ჰქონდა, მამუკა წოწერიას 45,3%. IPSOS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მამუკა წოწერიას 51% აქვს, ანზორ მელიას — 49%.

28 აგვისტოს, ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და კვლევას მანიპულაციური უწოდა. პაპუაშვილის თქმით, როდესაც რიცხვების გადაკეთება მოხდა, ზუგდიდის შემთხვევაში ძველი მონაცემი ჩარჩა, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება.

29 ოქტომბერს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია IPSOS-თან თანამშრომლობას წყვეტს და სასამართლოშიც უჩივის. არხი IPSOS-ს არაკეთილსინდისიერ და არაპარტნიორული ქმედებაში ადანაშაულებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ, არამედ რეპუტაციული ზიანისა და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.

გვარამიას განცხადებიდან რამდენიმე საათში, IPSOS-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, არხმა გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლებიც არ იყო განკუთვნილი გასაჯაროებისთვის. კომპანია ამ ფაქტს გაუგებრობას უწოდებს.