ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ისინი მიესალმებიან გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი თავდგირიძის მიერ თანამდებობა დატოვებას. მისი შეფასებით, თავდგირიძე ამ ნაბიჯით გაემიჯნა ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს.

"მინდა გამოვეხმაურო გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ ამ პარტიის დატოვებას და ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან ღიად გამიჯვნას. დღეს ყველა, ვინც სათანადოდ აფასებს მოვლენებს, ხედავს, რომ საზოგადოებას აქვს მკაფიო არჩევანი დესტრუქციასა და მშვიდობას შორის. ასეთ დროს, პოზიციის არდაკავება, სახლში დარჩენა და არჩევანის არგაკეთება დესტრუქციისთვის შანსის მიცემას ნიშნავს. შესაბამისად, მივესალმებით ირაკლი თავდგირიძის პრინციპულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან საჯაროდ გამიჯვნასთან დაკავშირებით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი თავდგირიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. თავდგირიძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალურ მოძრაობასთან და პარტია ლელოსთან თანამშრომლობა.

"გასაყიდი უნდა გაიყიდოს" — ასე გამოეხმაურნენ პარტიაში ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას.