გზავნილი მომავალში - ასე ეწოდა კაფსულას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებმა ფურცელზე დაწერილი სურვილები ჩააწყვეს, პრემიერმინისტრმა კი ის რუსთაველის გამზირზე, მიწაში ჩადო. კაფსულას მიწიდან 25 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავზე ამოიღებენ.

პრემიერმინისტრის განმარტებით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ერთადერთი რაც გადაარჩენს, ერთიანობაა. მისი თქმით, სწორედ ეს არის დღეს ქართველების მიზანი და სწორედ ამას ემსახურებოდა ზემოაღნიშნული კაფსულის 25 წლით შენახვაც:

"იყო მარცხიც, იყო სამოქალაქო ომიც, იყო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ღირსეულად გაიარა ეს 25 წელი. ჩვენ ავაშენეთ დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო მიზნები, რომლის გარშემოც მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, განვიმსჭვალოთ მთლიანად, მთელი ერი სიყვარულით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა".

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს.