7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის 2021 წლის პრემია წარმოშობით ტანზანიელ მწერალ აბდულრაზაკ გურნას გადაეცა, რომელიც ქართველი მკითხველების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი ავტორი იყო.

უახლოეს მომავალში ამ დანაკლისის შევსება ლიტერატურის ნებისმიერ მოყვარულს შეეძლება: გამომცემლობა "ინტელექტმა" ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ აბდულრაზაკ გურნას შემოქმედებიდან სამი მნიშვნელოვანი წიგნი ქართულად ითარგმნება და გამოიცემა.

გამომცემლობის წარმომადგენელმა გვანცა ჯობავამ On.ge-სთან საუბარში გურნას ის კონკრეტული რომანები დაასახელა, რომელთა თარგმნაზეც მუშაობა იწყება: Paradise (მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი), Desertion (მთარგმნელი ზაზა ჭილაძე) და By the Sea (მთარგმნელი ანი კოპალიანი).

ნობელის კომიტეტის განმარტებით, აბდულრაზაკ გურნაზე არჩევანი იმ "უკომპრომისო და თანაგრძნობით განმსჭვალული" თხრობისთვის გააკეთეს, რომლითაც მწერალი "კოლონიალიზმის შედეგებსა და კონტინენტებსა და კულტურებს შორის წარმოქმნილ უფსკრულში აღმოჩენილი ლტოლვილების ბედს" აღწერს. შესაბამისად, ქართველ მკითხველს თანამედროვეობისთვის უმნიშვნელოვანესი, მწვავე და აქტუალური თემებით დახუნძლულ ლიტერატურასთან გაცნობის შანსი მიეცემა.

აბდულრაზაკ გურნა აღმოსავლეთ აფრიკაში, ტანზანიის რესპუბლიკის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა 1948 წელს, 60-იანებში კი ემიგრაციაში მოუწია წასვლა და დღემდე ინგლისში ცხოვრობს.

გურნას ათამდე რომანი აქვს დაწერილი, რომელთა ძირითადი თემა ლტოლვილების გამოცდილებაა. ქართულად მისი ნაწარმოებების გაცნობა ქართველ მკითხველს დაახლოებით 2022 წლის პირველ ნახევარში შეეძლება: როგორც გვანცა ჯობავა აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული რომანებიდან ერთ-ერთის გამოცემას მაისში ვარაუდობენ.

აღსანიშნავია, რომ ქართულ საგამომცემლო სივრცეში "ინტელექტი" გამორჩეულია სწორედ ნობელიანტი ავტორების შემოქმედების აქტიური თარგმნით: მაგალითად, უახლოეს პერიოდში გამოიცა 2018-2019 წლების ნობელის ლაურეატებისოლგა ტოკარჩუკისა და პეტერ ჰანდკეს წიგნები.