აშშ-ის კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და სამხრეთ-დასავლეთის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, იუპიტერის დიდი წითელი ლაქა იმაზე ღრმაა, ვიდრე აქამდე გვეგონა. ახალი მიგნების შესახებ ისინი გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ 2 სხვადასხვა ნაშრომში საუბრობენ (აქ და აქ).

ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებულ ციურ სხეულზე წარმოქმნილი ეს უზარმაზარი შტორმი ზომით დედამიწასაც კი აღემატება. ახლა კი სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ის არა მხოლოდ სიგანით, არამედ სიღრმითაც გამოირჩევა. კერძოდ, NASA-ს კუთვნილი კოსმოსური აპარატის Juno მეშვეობით მოპოვებული მონაცემების თანახმად, დიდი წითელი ლაქა პლანეტის ღრუბლების ქვემოთ 500 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება და ბევრად დაბლა მდებარე ატმოსფეროს ფენასთანაც აქვს კავშირი.

მკვლევართა პირველმა ჯგუფმა აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად Juno-ზე დამონტაჟებული, გრავიტაციის გასაზომი ხელსაწყო გამოიყენა, რომელიც შტორმისკენ მიმართეს. ამ მეთოდის დახმარებით ატმოსფერული ფენომენების შესწავლა სიახლეს არ წარმოადგენს. მისი საშუალებით მეცნიერებმა თავად ჩვენი პლანეტის შესახებაც ბევრი რამ შეიტყვეს.

ასევე, იხილეთ: NASA — იუპიტერის დიდი წითელი ლაქა იცვლება

შედეგად, ასტრონომებმა ამ არეალში იუპიტერის გრავიტაციული ველის ცვლილებები შენიშნეს და დიდი წითელი ლაქის სიღრმე გამოთვალეს. მათი თქმით, ის 500 კილომეტრის ქვემოთ არსებული ნაკადებით "იკვებება", რომლებიც იქამდე 3 000 კილომეტრი სიღრმიდან აღწევენ.

პარალელურად, მეორე ჯგუფმა იმავე კოსმოსური აპარატის მიკროტალღური რადიომეტრის გამოყენებით შტორმის ენერგიული მახასიათებლები გამოიკვლია. მათ დაადგინეს, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები ღრუბლების დაბლა განლაგებული რეგიონიდან მოდიოდა, რომელშიც ამიაკი და წყალი კონდენსირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე კვლევის შედეგები თანხვედრაშია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.