საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლი აქტივისტების საჩივარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ 27 სექტემბერს აქტივისტების სახელით პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. GDI-ში აღნიშნავენ, რომ პროკურორი ვალდებული იყო 48 საათის განმავლობაში გამოეცა დადგენილება გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ეს არ გაუკეთებია, რითაც GDI-ის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაარღვია.

მათი ცნობით, აღნიშნული 8 ოქტომბერს ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს და მოსთხოვეს ქვემდგომისთვის დაევალებინა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოცემა. ორგანიზაციის განცხადებით, საჩივარზე ზემდგომმა პროკურორმა რეაგირება არ მოახდინა.

GDI-ს ინფორმაციითვე, 11 ოქტომბერს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, ქვემდგომმა პროკურორმა წერილით უპასუხა GDI-ს განცხადებასაც და საჩივარსაც. ორგანიზაციის თქმით, პროკურორმა წერილში აღნიშნა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც გამოკითხავდნენ პრაიდ კვირეულის დროს განვითარებული მოვლენების მსხვერპლებს, თუმცა პროკურორმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კვლავ არ გამოსცა დადგენილება.

GDI-მ პროკურორისა და ზემდგომი პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევა და დაზარალებულების სტატუსის მინიჭების შესახებ დადგენილების გამოცემაზე უარის თქმა სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის 27 ოქტომბერს სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა მსხვერპლების ადვოკატის საჩივარი.

"სასამართლომ აღნიშნა: "ვინაიდან არ არის დაცული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები (პროცესუალური ნაწილი) და ასევე საქმეში წარმოდგენილი არ არის როგორც პროკურორის, ასევე ზემდგომი პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, იმსჯელოს მასში მითითებულ გარემოებებზე, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი", — მითითებულია განცხადებაში.

GDI-ს განცხადებით, პროკურორისა და ზემდგომი პროკურორის მიერ კანონის უხეში დარღვევისა და მიმართვიდან 48 საათში დადგენილების გამოცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სასამართლომ პროკურატურას არ დაავალა აღნიშნული დარღვევის გამოსწორება, კერძოდ კი, დაზარალებულებს უარი უთხრა სტატუსის მინიჭებაზე.

"სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება ამკვიდრებს საგანგაშო პრეცედენტს, რომელიც პროკურატურის თვითნებობას შეუზღუდავს ტოვებს. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა არ გამოსცემს დადგენილებას და დაარღვევს კანონს, აღნიშნულის სასამართლოში გასაჩივრება შეუძლებელი ხდება. მსგავსი მიდგომა ზღუდავს დაზარალებულების უფლებას მიმართონ სასამართლოს და გაასაჩივრონ პროკურატურის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დასჯილები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.