შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა, რომლითაც მესაზღვრე-კონტროლიორებს დაევალათ, 28 მარტიდან, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, დეტალურად გაესაუბრონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მიდიან. ამის შესახებ, დღეს გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა:

"ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიხსნება. მესაზღვრე-კონტროლიორებს დაევალათ მოქალაქეებს გაუწიონ კონსულტაცია, უვიზო რეჟიმის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის პირობებთან".

მინისტრის განცხადებით, თუკი შემოწმებისას გამოვლინდება რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, მესაზღვრე კონტროლიორი ამაზე მას წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს.

გარდა ამისა შს მინისტრმა იმ სპეციალურ პროგრამაზეც ისაუბრა, რომლითაც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული ვადების დამრღვევი პირები გამოვლინდებიან:

"ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რათა საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამოვავლინოთ და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია პროაქტიულად მივაწოდოთ".

მღებრიშვილის განცხადებით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვიდა 7 600 განცხადება რეადმისიის შესახებ და აქედან 95 პროცენტი დაკმაყოფილდა.