გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრემიერმინისტრი მართალია და ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს, თუმცა ეს პრინციპი მოქმედებს მაშინაც, როცა ადამიანი ნარკოტიკის მოხმარების გამო ზის წლობით ციხეში.

"გაგიკვირდებათ და ამაში პრემიერი მართალია, მაგრამ იგივე პრინციპი მოქმედებს მაშინაც, როცა ადამიანი ციხეში გვიზის წლობით, მაგალითად ნარკოტიკების მოხმარების გამო. ეს ლოგიკა თუ ესმის პრემიერს. ვეთანხმები ამ რთულ დროს მას იმიტომ, რომ, ხომ იცით, სკანდალური სიტყვებია რაღაცნაირად.

ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ ვერ დაიცავს, ეს, უბრალოდ, შეუძლებელია, მაგრამ იგივე პრინციპი მოქმედებს იმ შემთხვევებზეც, რის გამოც ათასობით ადამიანი გვიზის ციხეში. ამას არ ვაჭარბებ. ჩვენი პატიმრების ნახევარი გვიზის ციხეში იმის გამო, რომ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას არ ესმის, რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული, რაც თქვა დღეს პრემიერმა", — აცხადებს ხვიჩია.

გუშინ, 28 ოქტომბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 29 დღეა შიმშილობს.