ქართულმა ოცნებამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

"მე მინდა, მხარი დავუჭირო ძალიან პროფესიონალ, შრომისმოყვარე ადამიანს, ძალიან კარგ პიროვნებასა და ძალიან ღირსეულ სპორტსმენს, წარმატებები კახი", — ამბობს ის.

ხვალ, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. მეორე ტურში მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ის გასული წლის მაისში დააკავეს. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.