პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ქალაქის საკრებულოში უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ ან ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვოს. ეს განცხადება ბათუმის საკრებულოს გახარიას პარტიის სიით გასულმა წევრმა, აკაკი გვიანიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გახარიას პარტიაში ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნეს, რაც პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი თავდგირიძემ თანამდებობა დატოვა.

"ორივე სწორედ იმ მეთოდებით ცდილობს შეინარჩუნოს ან მოიპოვოს უმრავლესობა და ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. მათი მიზანი არის ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ჩვენ კი ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვავალა, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენ ვრჩებით ამ იდეალების ერთგული და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ერთპიროვნულად ბათუმის მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მოპოვება", — განაცხადა გვიანიძემ.

რაც შეეხება პარტიიდან ირაკლი თავდგირიძის წასვლას, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადებაში დაწერა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ენმ-სა და ლელოსთან თანამშრომლობა, გვიანიძემ განაცხადა, რომ "გასაყიდი უნდა გაიყიდოს".

"ჩვენი პარტია გაერთიანებულია მხოლოდ ღირებულებების გარშემო. ამიტომ, გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება", — განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ აქვს. ქართულ ოცნებას და ენმ-სა და ლელოს ერთად თანაბარი მანდატები აქვთ. შესაბამისად, ვის ექნება საკრებულოში უმრავლესობა და ვის აირჩევენ თავმჯდომარედ, ეს მეტწილად სწორედ გახარიას პარტიის სიით გასულ დეპუტატებზეა დამოკიდებული.

ერთ-ერთი, ვინც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილება, ლელოს სიით გასულ ერთადერთ დეპუტატი, ირაკლი კუპრაძეა. კითხვას, დაუჭერს თუ არა გახარიას გუნდი მხარს კუპრაძის კანდიდატურას, აკაკი გვიანიძემ ცალსახა პასუხი არ გასცა. მისი თქმით, მათ მიერ შეთავაზებული მოლაპარაკების ღია ფორმატი ძალაშია და მხარეებს მოუწდოა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

გაიგე მეტი: