მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:35 საათზე, მზის მძლავრი ამოფრქვევა დაფიქსირდა ჩვენი მნათობის იმ ნაწილიდან, რომელიც ამჟამად დედამიწის პირისპირაა მოქცეული. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ამინდის პროგნოზის ცენტრი ავრცელებს.

ვარსკვლავის ამგვარი აქტივობა აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ ორბიტაზე გაშვებულმა მზის დინამიკის ობსერვატორიამ (SDO) რეალურ დროში გადაიღო. ამ მოვლენამ სამხრეთ ამერიკის მიმდებარედ რადიოკავშირის ხანმოკლე შეფერხება გამოიწვია.

მზის უკანასკნელი ამოფრქვევა X1 კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც სიმძლავრით გამოირჩევა. ამ დროს მნათობის ზედაპირიდან ღია სივრცეში დამუხტული ნაწილაკები იტყორცნება. მათ შესაძლოა, დედამიწის გარშემო მოძრავი ხელოვნური თანამგზავრების ფუნქციონირებას შეუშალონ ხელი და ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას პოლარული ციალი წარმოქმნან.

მსგავს მოვლენას ხშირად კორონალური მასის ამოფრქვევა მოჰყვება, რაც ვარსკვლავის გვირგვინიდან პლაზმის გამოთავისუფლებას გულისხმობს. სწორედ ეს მოხდა 28 ოქტომბერს. აქტივობა AR2887-ის სახელით ცნობილ მზის ლაქაში დაფიქსირდა, სადაც იმავე დღეს, ცოტა ხნით ადრე, შედარებით სუსტი, M კატეგორიის 2 ამოფრქვევაც აღინიშნა.

სპეციალისტთა განცხადებით, დამუხტული ნაწილაკები დედამიწამდე, სავარაუდოდ, 30-31 ოქტომბერს მოაღწევენ, თუმცა ეს ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.