აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის გადასაჭრელად მომავალი წლისთვის 20 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მისი თქმით, პროგრამის, ბათუმი ავარიული სახლების გარეშეს ფარგლებში ჯამში 80 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"უკვე დაიწყება პირველი 630 ოჯახის დაკმაყოფილება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენი გეგმის შესაბამისად, 2025 წლისთვის ამ დაფინანსების ფარგლებში მოხდება 3 ათასზე მეტი ოჯახის უზრუნველყოფა შესაბამისი თანამედროვე საცხოვრისით და ეს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ყველა ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახის პრობლემას", — განაცხადა მან.

რიჟვაძემ დღეს, ასევე, ისაუბრა, რომ 2022 წლის აჭარის ბიუჯეტი 436 მილიონი ლარით განისაზღვრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერი 135 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, გადარჩა ერთი. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია, ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის.

10 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე, მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა, რამაც შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა გამოიწვია.

შვიდსართულიანი კორპუსის ჩამონგრევისა და მსხვერპლის შემდეგ, ბათუმელებმა Facebook-ში თავიანთი ავარიული ბინების ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს. ისინი მთავრობას დახმარებას სთხოვენ, რათა მათთანაც იგივე არ განმეორდეს.

გაიგეთ მეტი: