ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ისე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

"ჩვენ ვართ სამი ადამიანი, რომელსაც ისეთი ფიცი გვაქვს დადებული ქვეყნის წინაშე, რომელსაც არ ცვლის არც დრო და არც თანამდებობა. ამ ადამიანებს, ჩემი აზრით, ამ სამ ადამიანს, გვაქვს საფუძველი შევხვდეთ და პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვისაუბროთ ქვეყნის სტაბილურობაზე, იმიტომ, რომ სწორედ ამ სიტყვებით დავდეთ ჩვენ ფიცი ღვთისა და ერის წინაშე", — ამბობს მარგველაშვილი.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მზად არის ნებისმიერ ფორმატზე, რომლის მიზანიც იქნება ქვეყანაში დაძაბულობის განტვირთვა და "არმიყვანა ტრაგიკულ ისტორიულ შედეგამდე".

"მე ღია ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, რომლის მიზანიც იქნება დაძაბულობის განტვირთვა და არმიყვანა ტრაგიკულ ისტორიულ შედეგამდე. ჩემი აზრით, ეს ჩვენი სამივეს მოვალეობაა, როგორც სააკაშვილის, ისე ჩემი და ისე ქალბატონი პრეზიდენტის. თუ კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა ჩვენს ისტორიაში, ისეთი ტრაგიკული ფურცელი, როგორიც ჩვენს პირველ პრეზიდენტთან მიმართებით ჩავწერეთ, ამას ძნელად გავექცევით, ძნელად გაექცევა ნებისმიერი ჩვენგანი, როდესაც ვინმე ეტყვის, თქვენ ის ერი არ ხართ, რომელიც როგორც კი რომელიმე პრეზიდენტი წავა რუსეთის წინააღმდეგ, ის ამა თუ იმ მიზეზით, სიკვდილამდე მიგყავთ", — თქვა მარგველაშვილმა.

მოქალაქეების ნაწილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. განცხადებაში წერია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების — პოლარიზაციის, მესამე პრეზიდენტის შიმშილობის, საზოგადოების გახლეჩის მოგვარების გზა პრეზიდენტის მხრიდან აქტიური დიალოგი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა.